ტარიელ ჩუბინიძე - ტიფლი | Mountain Tea

ტარიელ ჩუბინიძე - ტიფლი

ტარიელ ჩუბინიძეს ჩაისთან პირველი შეხება ადრეულ ეტაპზე, შვიდი წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც მან პირველად მოკრიფა ჩაის ფოთოლი იმერეთის რაიონის სოფელ ქვაციხეში. თუმცა, მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია კოლმეურნეობების დაშლა, რასაც მოჰყვა მისი ბავშვობისდროინდელი პლანტაციის სამი ათეული წლით მიტოვება. მიუხედავად ამისა, ტარიელს ჩაისადმი გატაცება არასოდეს დაუკარგავს. უკვე ზრდასრულმა, ბავშვობაში მიღებული გამოცდილებითა და სასიამოვნო მოგონებებით დატვირთულმა, გადაწყვიტა ჩაის მივიწყებული ბაღებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა.

მიუხედავად იმისა რომ მის იდეაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, ჩუბინიძემ, ახლა უკვე კოოპერატივ „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ დირექტორმა, 13 ჰექტარი პლანტაციის აღდგენა გადაწყვიტა. ამჟამად, ის საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის საკუთარი ჩაის, სახელად „ტიფლი“-ს გასაცნობად ემზადება.



„ქვაციხის ჩაის თაიგულის“ მთებში მოყვანილი ჩაი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, ემულსიფიკატორებსა და საღებავებს. მისი დამუშავება ხდება მხოლოდ ორგანული სასუქების გამოყენებით, რის შედეგადაც მიიღება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გამორჩეული არომატითა და უნიკალური გემოთი.

მოსავლის აღების სეზონზე, რომელიც აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება, დაახლოებით 55 ადგილობრივი მუშაობს პლანტაციებში, ჩაის საკრეფად. ჩუბინიძისთვის ხარისხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. პირვანდელი თვისებების შესანარჩუნებლად, ჩაის ფოთლების კრეფა მომწიფების გარკვეულ ეტაპზე ხდება და მოკრეფიდან 3 დან 5 საათში მუშავდება.

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის, GRETA-ს მხარდაჭერით, მოხდა კოოპერატივის საჭირო ტექნიკით აღჭურვა. ამან ჩუბინიძეს წარმოების დივერსიფიცირების საშუალება მისცა. დღესდღეობით, საწარმოში სამი სახის ჩაი, შავი, მწვანე და თეთრი ჩაი იწარმოება.

მომავალზე ფიქრისას ჩუბინიძე ამბიციური და იმედიანია. მისი მიზანია 10 ტონა ჩაის წარმოება ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასატანად. ამჟამად კომპანია 3,5 ტონას აწარმოებს, მაგრამ ჩუბინიძის აზრით, ისინი მიზანს რამდენიმე წელიწადში მიაღწევენ. გარდა ამისა, ის აპირებს რომ ჩაის მოყვარულებს საქართველოდან და მსოფლიოდან, შესთავაზოს ჩაის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის მოცვის, ტყის კენკრისა და მცენარეული ჯიშები.

ტეგები