თაკვერი
დეკას ყვავილი
საქართველოში ჩაის კულტურა XIX საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა. XX საუკუნის დასაწყისში ჩაის პლანტაციები გურიაში, აფხაზეთში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში გაშენდა. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან მაღალხარისხიანი ჩაითი საქართველო მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა. 60-იანი წლებიდან ჩაი საექსპორტოდ აღმოსავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში გაჰქონდათ.
80-იან წლებში საქართველომ 133 ათასი ტონა პროდუქციით ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა. ქართული ჩაი საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, ფინეთისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე იყიდებოდა.
ჩაის კულტურის სიძველის მიუხედავად, მიიჩნეოდა, რომ ჩაი სელექციას არ ექვემდებარება. მსოფლიოში პირველად ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნერო-კვლევითი ინსტიტუტის ჩაქვის ფილიალში ქართველმა მეცნიერმა ქსენია ბახტაძემ, ჩაის გენერაციულ-სელექციური გზით 16-ზე მეტი ქართული ჯიში გამოიყვანა, რომლებიც ყინვაგამძლეობითა და მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობით ხასიათდება. ამით, საქართველომ მსოფლიოში მეჩაიეობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
საქართველოში მზიანი დღეების რაოდენობა, ჰაერის საშუალო ტემპერატურა, სუბტროპიკული ჰავა და ნალექიანობა ჩაის მაღალ ხარისხს განაპირობებს. უნიკალური ეკოსისტემა, ზაფხულისა და ზამთრის მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურები მოსავლის სეზონურობას განსაზღვრავს.
საქართველოში, რომელიც ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის უკიდურეს ჩრდილოეთშია, ზამთარში ტემპერატურა ნულს ქვემოთ ჩამოდის და ყველა მავნებელი კვდება. ბუნებრივი პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ პლანტაციებში არ გამოიყენონ პესტიციდები, რაც ჩაის კულტურის ბიომეთოდებით მოყვანისთვის კარგ საშუალებას იძლევა და საექსპორტო პოტენციალს ზრდის.
საქართველო ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს ( 42°00′ ჩ. გ. 43°30′ ა. გ.). მზიანი დღეების სიმცირის გამო, ჩაის სხეულიანობა და ტანინების შემადგენლობა ნაკლებია, ვიდრე სამხრეთის ქვეყნებში; ამიტომ შავი ჩაი განსაკუთრებული შეფერილობისაა, მწვანე ჩაი საოცრად მსუბუქია, ზომიერი სიმწკლარტით ხასიათდება. ტემპერატურული ცვლილებები მცენარის ყლორტებში არომატულ ნივთიერებებს ჰარმონიულად წარმოქმნის, რაც მხოლოდ ქართული ჩაისათვის დამახასიათებელი უნიკალური სურნელოვანი კომპლექსის ჩამოყალიბებას განაპირობებს.
ქართულ ჩაის თავისი გამორჩეული თვისებებით, გემოვნური და არომატული მახასიათებლებით, ჯიშობრივი სელექციით, ჩაის მწარმოებელთა მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი უჭირავს.