გამარჯობა,
მე ვარ გიგა კიპაროიძე, ეკონომისტი და ჩაის საწარმოს სულისჩამდგმელი, ჭიათურის სოფელ მანდაეთიდან. ჩვენი ჩაი იზრდება მაღალ მთებში, პირვანდელ, ხელუხლებელ გარემოში.
ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქტების მიმართ დღევანდელი ტენდენციის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ჩვენი ჩაით ბევრი ადამიანი დაინტერესდება.
აქვე გაგაცნობთ ჩემი წარმოების ისტორიას.
ჯერ კიდევ 2019 წელს, გადავწყვიტე სიღრმისეულად შემესწავლა ორგანული წარმოება. სწორედ ამ პერიოდში შევიტყვე GRETA-ს პროექტზე, რომელიც ორგანულ წარმოებას ეხებოდა. ჩვენ აღმოგვაჩნდა საერთო მიზნები, რამაც ჩემთვის ყველაფერი შეცვალა. პროექტის წყალობით, მივიღე წვდომა ჩაის წარმოებისთვის უცილებელ ხელსაწყოებზე. სიმართლე გითხრათ, როცა გავაცნობიერე ჩემი ჩაის საწარმო როგორ განვითარდა, თავი სიზმარში მეგონა. ოცნება მალე რეალობად იქცა და ჩემი პროდუქტები გასაყიდად გავიტანე, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებზე. აქ დამყარებულ სავაჭრო კავშირებს დღემდე ვინარჩუნებ.
ჩემი წამოწყების ძირითადი მიზანი ადგილობრივი ბაზრისთვის სასიკეთო ცვლილების მოტანა იყო. ამისთვის გამოვიყენე მარკეტინგის რამდენიმე ფორმა, მათ შორის, ვიდეო რგოლების დამზადება, სატელევიზიო მარკეტინგი და შეთავაზებები სოციალურ ქსელებში. ყველა ამ მცდელობამ ძალიან დიდი სარგებელი მოგვიტანა, რადგან უფრო მეტმა ადგილობრივმა ბიზნესმა გაიცნო ჩვენი ბრენდი.
ჩვენი ისტორია აქ არ მთავრდება. ბიო-ორგანულ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, დადგა ბიო სერტიფიკატის აღების საჭიროება. შესაბამისად, წამოვიწყე სერტიფიცირების პროცესი. ამასთან ერთად, გადავდგი ნაბიჯები ISO 2200 ხარისხის ნიშნის შესანარჩუნებლად. მომავალ წელს ჩვენს პროდუქტებს უკვე ორივე ნიშანი ექნება მინიჭებული.
შეიძლება ითქვას რომ ხარისხი ჩემთვის იყო მთავარი ნიშა. უმაღლესი ხარისხის ტექნიკამ და მიღებულმა გადამზადებამ, მნიშვნელოვნად დახვეწა წარმოების ხარისხი. განვლილი გზა არ იყო მარტივი. ასეთი საქმის დაწყება და უახლესი მეთოდების გამოყენება დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მჯერა რომ სიახლეების მიმღებლობა და შესაძლებლობების გამოყენება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ინდუსტრიაში. ეს საკუთარი გამოცდილებით ვისწავლე და ჩემის წარმატების ფორმულაა.
ახლა, კიდევ უფრო დიდი მიზნები მაქვს. ვგეგმავ წარმოების მასშტაბის გაზრდას და ჭიათურის ეკოტურიზმის გაძლიერებაში ჩემი წვლილის შეტანას. ჩემი ოცნებაა ამ სფეროში რეგიონის დაწინაურება.
დასასრულს, მინდა ვთქვა რომ მე ყოველთვის მზად ვარ ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობისთვის.